ვახტანგ მაჭავარიანი
Vakhtang Matchavariani
ბიოგრაფია
ვახტანგ მაჭავარიანის თანამშრომლობა უკავშირდება 80-ზე მეტ მაღალი რანგის სიმფონიურ ორკესტრს და 25-ზე მეტ საოპერო თეატრს მსოფლიო მასშტაბით.
მას მერე რაც მან დაამთავრა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს კლასით როზა როჟოკთან, შემდგომ კი თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი პროფესორ ემილ გურევიჩის კლასში, სადაც მის რეპერტუარს ძირითადად შეადგენდა: ი.ს.ბახის, ბეთჰოვენის და პროკოფიევის ქმნილებები. შემდგომ იგი ხდება იმავე კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტის სტუდენტი, პროფესორ ოდისეი დიმიტრიადის კლასში და წარჩინებით ამთავრებს მას.
ვახტანგ მაჭავარიანმა გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი მოსკოვის კონსერვატორიაში უდიდეს რუს მაესტროსთან, პროფესორ გენადი როჟდესტვენსკისთან, რის შემდგომ იგი გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც გაიარა სტაჟირება ვენის მუსიკალურ აკადემიაში პროფესორ კარლ ოსტერრაიხერის კლასში, რომელიც დასკვნით წერილში აღნიშნავს: „მის განსაკუთრებულ სადირიჟორო ნიჭს“. იმავე პერიოდში ვ.მაჭავარიანს მიეცა საშუალება არჩეულ ყოფილიყო ვენის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის და მთავარი დირიჟორის, ლეგენდარული მაესტროს: ლორინ მააზელის ასისტენტად ვენის ოპერაში, რომელმაც შემდგომ ბრწყინვალე სარეკომენდაციო წერილი დაწერა ახალგაზრდა დირიჟორის პროფესიონალიზმის და ნიჭის შესახებ.
სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ, უკვე მალევე ვახტანგ მაჭავარიანი მიწვეულ იქნა მსოფლიო დონის, პეტერბურგის „მარიას" სახელობის თეატრის დირიჟორად, სადაც მან დაჰყო 8 წელიწადი, რის შემდეგ 1990 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში სადაც დაჰყო 11 წელიწადი.
1987 წელს ვ.მაჭავარიანი არჩეულ იქნა საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ორკესტრის მთავარ დირიჟორად, სადაც მან ჩაატარა ორი სეზონი, ხოლო 1987-1990 წლები იგი იყო თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორი.
ვ.მაჭავარიანი წარსდგა მსოფლიოს მრავალი ქვეყანის პუბლიკის წინაშე; მან იდირიჟორა მსოფლიოს უნიკალურ დარბაზებში და უდირიჟორა უმაღლესი დონის ორკესტრებს, როგორებიცაა: ლონდონის სამეფო ფილარმონიის ორკესტრი, ლონდონის „ფილარმონია" ორკესტრი, საფრანგეთის და ბელგიის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრები, გერმანიის წამყვანი სიმფონიური და რადიო სიმფონიურ ორკესტრები, მათ შორის 400 წლის ისტორიის მქონე შტუტგარტის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, ისრაელის სიმფონიური ორკესტრს, ლეგენდარულ პეტერბურგის ფილარმონიის და „მარიას" თეატრის ორკესტრებს, სსრკ რადიოს და ტელევიზიის დიდ სიმფონიურ ორკესტრს, მოსკოვის ფილარმონიის ორკესტრს, სსრკ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, სსრკ კულტურის სამინისტროს სიმფონიურ ორკესტრს, წამყვან ორკესტრებს სსრკ-ში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.
პეტერბურგის „მარიას" თეატრთან თანამშრომლობის პერიოდში და შემდგომ ვ.მაჭავარიანმა ითანამშრომლა მოსკოვის „დიდ" თეატრთან, ლატვიის ოპერასთან რიგაში, ვერონაში, პარიზის და ბორდოს ოპერის თეატრებში, სერბიის ნაციონალურ თეატრთან, გერმანიის და შვეიცარიის საოპერო დასებთან, წლების მანძილზე იგი თანამშრომლობდა შოტლანდიის ოპერასთან გლაზგოში და ამავე დასთან ერთად გამოდიოდა ედინბურგის ფესტივალზე და ბრიტანეთის არა ერთ ქალაქში.
1990 წელს, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით, მთავარი დირიჟორის და სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით ვახტანგ მაჭავარიანმა დააფუძნა 120 მუსიკოსიანი სსრკ საფესტივალო ორკესტრი, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ „მარიას" და „დიდი" თეატრების, პეტერბურგის და მოსკოვის ფილარმონიების, ბალტიისპირეთის, საქართველოს და უკრაინის წამყვანი ორკესტრების პირველი და წამყვანი მუსიკოსები. ორკესტრის ბაზა იყო როგორც მოსკოვში ასევე პეტერბურგში. მალევე გაიმართა სსრკ საფესტივალო ორკესტრის მეტად წარმატებული დებიუტი ლონდონის „როიალ ალბერტ ჰოლში", რასაც მოჰყვა აზიური ტურნე. სსრკ ეპოქის დასასრულის შემდეგ ორკესტრს მიენიჭა ახალი სახელწოდება; „მოსკოვის საფესტივალო ორკესტრი". კონცერტები ჩატარდა მოსკოვში, პეტერბურგში, ევროპის არა ერთ ქვეყანაში.
2000 წელს ვ.მაჭავარიანი არჩეულ იქნა და მოსკოვში სათავეში ჩაუდგა სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით რუსეთის დიდ სიმფონიურ ორკესტრს «მილენიუმი" რომელთანაც თანამშრომლობდა 2008 წლის სექტემბრამდე.
1996 წელს ვ.მაჭავარიანი არჩეულ იქნა ორკესტრის საერთო კრებაზე ე.მიქელაძის სახ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორად, ხოლო 1998 წლიდან ამავე ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2004 წლის 1 ივლისს იგი გადადგა თანამდებობიდან.
1998 წელს პაატა ბურჭულაძესთან ერთად, არტისტული დირექტორის და მთავარი დირიჟორის სტატუსით, ვ.მაჭავარიანმა ჩაატარა ფესტივალი «ბრავო", სადაც იყო ნამდვილი ვარსკვლავთცვენა. აქ გამოჩდნენ მსოფლიო საოპერო ელიტის უმაღლესი წარმომადგენლები და ფესტივალმა ჩაიარა სენსაციური წარმატებით.
გერმანიის «Musikrat"-ის, საქართველოში არსებული საელჩოების და რიგი უცხოური კომპანიების თანადგომით 2000 წელს ჩატარდა ე.მიქელაძის სახ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის 75 წლის იუბილე. ჩამოყვანილ იქნა 80 წევრიანი ქალაქ ბონის ფილარმონიული გუნდი და 7 ინტერნაციონალური დონის სოლისტი. გუნდის გასტროლი უზრუნველჰყო გერმანიის «Muskikrat"-მა ხოლო ინტერნაციონალურმა სოლისტებმა მიიღეს მონაწილეობა ქველმოქმედების სახით. ამჯერადაც საქართველოს ხელისუფლებამ თითიც კი არ გაანძრია ამ ღონისძიების მხარდასაჭერად. ორკესტრის იუბილეზე ვ.მაჭავარიანის დირიჟორობით გაჟღერდა ბეთჰოვენის სიმფონია Nr.9, ბრამსის “გერმანული რეკვიემი", გ.მალერის და რ.შტრაუსის მონუმენტალური ქმნილებები, ხოლო დასკვნით კონცერტში ქართული მუსიკა. გადაჭედილ ოპერის თეატრში კონცერტების სერიამ ჩაიარა უდიდესი წარმატებით.
ანალოგიური სურათი იყო, როდესაც ვახტანგ მაჭავარიანს თავისი ავტორიტეტით და მწირე სახსრებით, სახელმწიფოსგან იგნორირებულს ჩამოჰყავდა თბილსში ისეთი გამოჩენილი მაესტროები, როგორებიც არიან: კენტ ნაგანო, ჰიროუკი ივაკი, ჰერიბერტ ბაისელი, რომან ბროგლი, მათიას ფლეცბერგერი და ა.შ. უდიდესი სოლისტები: ივრი გიტლისი, გიუნტერ ფონ კანნენი, ბრიგიტე ვოლფარტი, დევიდ რენდალი, ელისაბედ ლოურენსი, მონტე იაფე, ნატაშა პეტრინსკი, ლიანა ისაკაძე, პაატა ბურჭულაძე და კიდევ არა ერთი მაღალი რანგის სოლისტი, ისევ უცხოელი საელჩოების და კომპანიების მხარდაჭერით, რომელთა მონაწილეობით ვ.მაჭავარიანმა ჩამოაყიბა «სსსო-ის მეგობართა საბჭო".
2002 წელს ვ.მაჭავარიანის ინიციატივით ორკესტრი მიწვეულ იქნა 2 საკონცერტო პროგრამით ლეგენდარულ ამსტერდამის «კონცერგებაუს" დარბაზში და გერმანიაში, რაც მომწვევმა მხარემ აიღო თავის თავზე და ისევ იგნორირებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. კონცერტები დაგვირგვინდა სენსაციური წარმატებით.
ვახტანგ მაჭავარიანის ინიციატივით და დირიჟორობით საქართველოში გაჟღერდა არა ერთი პრემიერა . ესენია; რ.ვაგნერის ოპერა «ტრისტან და იზოლდე" ბაიროიტის ფესტივალის მომღერლების მონაწილეობით, ჯ.ვერდის ოპერა «ფალსტაფი"6 ინტერ- ნაციონალური და 4 ქართველი სოლისტის მონაწილეობით. ბ.ბარტოკის «ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე", გ.მალერის Nr.4 სიმფონია, მისივე Nr.5 სიმფონია: შესრულებული პირველად ქართული ორკესტრის მიერ, გ.მალერის Nr.7 სიმფონია, მალერის სიმღერები: «გარდაცვლილ ბავშვებზე" და ციკლი ფ.რიუკერტის სიტყვებზე, უმაღლესი დონის მომღერლებით ლონდონიდან. რ.შტრაუსის: «სიკვდილი და გასხივოსნება", მისივე «ასე ამბობდა ზარატუსტრა" და ოთხი უკანასკნელი სიმღერა, კანადელი მომღელის ნაილა ვან ინგენის შესრულებით. საქართველოში პრემიერებს მიეკუთვნება ი.ბრამსის «გერმანული რეკვიემი" ა.ბრუკნერის სიმფონია Nr.4, კ.დებიუსის «ზღვა", ვ.ვოლტონის სიმფონია Nr.2, ბ.ბრიტენის «ფედრა" რ.ნეინის სიმფონიები Nr.3 & Nr.4 , ლიანა ისაკაძესთან ერთად იოჰან შტრაუსის მუსიკის დამუშავება არნოლდ შონბერგის მიერ და კიდევ რიგი ქმნილებებისა.
1999—2004 წლებში ვ.მაჭავარიანმა ყოველწლიურად-იანვარში შექმნა იოჰან შტრაუსის გალა კონცერტების ტრადიცია.
დიდია ვ.მაჭავარიანის როლი ქართული მუსიკის შესრულების სარბიელზე. სსსო-ში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მისივე დირიჟორობით შესრულდა: ზ.ფალიაშვილის, დ.არაყიშვილის, შ.მშველიძის, ა.ბალანჩივაძის დ.თორაძის, ო.თაქთაქიშვილის, ს.ცინცაძის, ფ.ღლონტის, რ.ლაღიძის, ს.ნასიძის, ვ.აზარაშვილის და ა.მაჭავარიანის არა ერთ ქმნილება. მისივე ინიციატივით პირველად შესრულდა დავით ევგენიძის საფორტეპიანო კონცერტი და რიგი ქმნილებებისა, ასევე გიორგი შავერძაშვილის და სანდრო ნებიერიძის საფორტეპიანო კონცერტები. უკვე 2019 წელს მისი დირიჟორობით შესრულდა გ.ყანჩელის Nr.1 სიმფონია.
უდიდესია ვ.მაჭავარიანის წვლილი ალექსი მაჭავარიანის მუსიკის პოპულარიზაციაში, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მან დატოვა არა ერთი მსხვილი ფორმის ჯერ კიდევ შეუსრულები ნაწარმოები. ესენია: ოპერა «ჰამლეტი", ოპერა “მედეა" (ვ.მაჭავარიანის ლიბრეტოზე), ბალეტები: “ჭირვეულის მორჯულება" შექსპირის მიხედვით და “ფიროსმანი", გიგანტური Nr.7 სიმფონია “გელათი" 4 ნაწილად გუნდისთვის, სოლისტისთვის და ორკესტრისათვის, რომელი ქმნილებებიც ვახტანგ მაჭავარიანმა შეასრულა საკონცერტო ვერსიით. როგორც ვახტანგ მაჭავარიანი განმარტავს, მას დარჩა მთავარი მისსია; ეს არის ა.მაჭავარიანის ჯერ კიდევ შეუსრულებელი ოპერა “ჰამლეტის" სცენიური განხორციელება, რომლის საორკესტრო სუიტა შექმნა ვ.მაჭავარიანმა და რომლის პირველი შესრულება შედგა გერმანიაში-შლეზვიგ ჰოლშტაინის ფესტივალზე მისივე დირიჟორობით. ვ.მაჭავარიანის მიერ მოხდა ა.მაჭავარიანის არა ერთი ქმნილების პირველი შესრულება. ესენია: ბალეტი „ვეფხვისტყაოსანი", რომელიც დამდგმელი დირიჟორის სტატუსში მან დადგა პეტერბურგის «მარიას" სახ. თეატრში, შემდგომი გასტროლებით ევროპაში, სადაც სპექტაკლს ერგო გიგანტური გამარჯვება პარიზში, ასევე მოსკოვში, პირველ შესრულებებს ეკუთვნის:სიმფონიები Nr.3, 4 5, 6, 7, ჩელოს კონცერტი, ვ.მაჭავარიამის მიერ გაორკესტრებული „დოლური" და უკვე ზემოთ ხსენებული ქმნილებები.
ვახტანგ მაჭავარიანს მსოფლიო სცენებზე თანამშრომლობა ჰქონდა ისეთ სახელოვან სოლისტებთან როგორებიცაა: ივრი გიტლისი, ლიანა ისაკაძე, ალექსანდრე თორაძე, გრიგორი სოკოლოვი, ბორის ბერეზოვსკი, მაქსიმ ვენგეროვი, ნიკოლაი პეტროვი, დანიელ ჰეიფეცი, მიხაილ რუდი, დიმიტრი ალექსეევი, ვიქტორ ერესკო, ნაუმ შტარკმანი, სტივენ ჰიუ, კატია სკანავი, დენის კოჟუხინი, ტაე-ჰიუნ კიმი, ფრანს კლიდა, მიშელ შტრაუსი, მარინე იაშვილი, ჩინელი პიანისტი ლიო, ნატალია შახოვსკაია, თამარ გაბარაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, საბინე გროფმაიერი, კაროლინ ჰაფნერი, ელისაბედ სომბარტი, ანა-მარია ვერა, დაგ იენსენი, ილიან გარნეტც, ალექსანდრე მარკოვი, მატტი როისი, ანა-ლიზა ბეზროდნი, იან-ერიკ გუსტავსონ, იგორ პიკაიზენ, ელდარ ნებოლსინ, კარლოს ჯონსონ, იდილ ბერეტ, ლიანა გურჯია, ალექსანდრე რუდინი, ჟან-კლოდ პენეტიე და სხვანი. მომღერლებთან: მარგარეტ პრაის, რენატო ბრუზონი, კატია რიჩარელი, კირი ტე კანავა, გიუნტერ ფონ კანნენი, ოლგა ბოროდინა, იოჰანეს მარტინ კრენცლე, ქრისტიან იოჰანსონი, ანდრეა როსტი, ალესსანდრა მარკი, კალუდი კალუდოვი, სტეფანია ტოჩიშკა, სვეტლანა ვასილევა, სვეტელინა ვასილევა, მაყვალა ქასრაშვილი, ცისანა ტატიშვილი, ნოდარ ანდღულაძე, რევაზ კაკაბაძე, ზურაბ სოტკილავა, პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, თამარ ივერი, იანო თამარი, გიორგი გაგნიძე, ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, სერგეი ლეიფერკუსი, დრაგანა დელ მონაკო, სტეფანო ლა კოლლა, დომენიკო ბალცანი, ნენად იაკოვლევი, ნადია მიქაელი, ვლადიმირ პიავკო, ლარისა დიადკოვა, მარინა მეშჩერიაკოვა, ალექსანდრე სტებლიანკო, ლარისა შევჩენკო, ლუდმილა ფილატოვა, ასკარ აბდრაზაკოვი, ანატოლი საფიულინი, ნატალია როზანოვა, ელენა ზელენსკაია, იუდიტ რააკ, ნატალი რიის, სუ პაჩელი, ქეით-იკაია პერდი, იოჰან ვერნერი, კლარა ვიტი, ნაილა ვან ინგენ, პიტერ მარში, იური ნეჩაევი, ნატაშა პეტრინსკი, კატრინ ჰარის, ჯონ ტრაველენი, ანნე-მარი ოუენს, მონტე იაფე, დევიდ რენდალ, ბრიგიტე ვოლფარტ, უნიჩან კულოგლუ, ასუდე კარაიავუზ და კიდევ მრავალ ბრწყინვალე მუსიკოსთან.
2011 წელს ვ.მაჭავარიანი მიწვეულ იქნა მთავარი მიწვეული დირიჟორის სტატუსით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ხოლო 2018 წელს მას სამუდამოდ მიენიჭა ე.მიქელაძის სახ. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის სტატუსი. 2018 წლიდან ვ.მაჭავარიანი გახლავთ ლიანა იასაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის “ღამის სერენადები" მთავარი დირიჟორი.
2010 წლიდან დაიწყო ვახტანგ მაჭავარიანის აქტიური თანამშრომლობა თურქეთის საპრეზიდენტო სიმფონიურ ორკესტრთან, რომელთანაც მან ჩაატარა მრავალი საკონცერტო პროგრამა. ანალოგიური მჭიდრო ურთიერთობა განვითარდა იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთანაც, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში ჩატარდა იზმირის სიმფონიური ორკესტრის და ვახტანგ მაჭავარიანის ორ პროგრამიანი გასტროლები თბილისში, სოლისტ ა.თორაძესთან ერთად. წარმატება იყო დიდი. 2020 წელს დაგეგმილი იყო სტამბოლის სიმფონიური ორკესტრის და ვახტანგ მაჭავარიანის გასტროლი თბილისში, სოლისტ ა.თორაძესთან ერთად, პროგრამაში ჩართული იყო ი.სტრავინსკის საფორტეპიანო კონცერტი და ა.ბრუკნერის Nr.9 სიმფონია, რომელიც არასდროს არ იყო შესრულებული საქართველოში და რასაც პანდემიამ შეუშალა ხელი.
ვახტანგ მაჭავარიანს ეკუთვნის მთელი რიგი ჩანაწერებისა კომპაქტ დისკებზე. აქ პირველ რიგში აღსანიშნავია: ალექსი მაჭავარიანის ბალეტ “ოტელოს" ჩანაწერი პეტერბურგის “მარიას" თეატრის ორკესტრთან, იგივე ორკესტრთან ა.მაჭავარიანის სიმფონიების Nr.3 და Nr.5-ს ჩანაწერები, პეტერბურგის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ა.მაჭავარიანის Nr.1 სიმფონიის ჩანაწერი, ლიანა ისაკაძესთან და სსრკ რადიოს და ტელევიზიის დიდ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მისი სავიოლინო კონცერტის ჩანაწერი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში ერთ ერთ უნიკალურ ჩანაწერთა რიცხვში, სსრკ კულტურის სამინისტროს ორკესტრთან ბალეტ “ვეფხვისტყაოსნის" ჩანაწერი, მოსკოვის საფესტივალო ორკესტრთან ვაგნერის, რაველის და სტრავინსკის ( “კურთხეული გაზაფხულის") ჩანაწერი. რუსეთის დიდ სიმფონიურ ორკესტრთან ბეთჰოვენის Nr.5 სიმფონიის, ბერლიოზის “ფანტასტიკური სიმფონიის" და გ.მალერის Nr.5 სიმფონიის ჩანაწერები, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ა.მაჭავარიანის Nr.6 სიმფონიის ჩანაწერი, ე.მიქელაძის სახ. ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ა.მაჭავარიანის Nr.4 სიმფონიის (ვ.მაჭავარიანის რედაქციით) ჩანაწერი, მათთანვე ბალეტის “ჭირვეულის მორჯულება" და ორი უვერტიურის ჩანაწერი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ალექსი მაჭავარიანის ბალეტ “ფიროსმანის" და ვიოლონჩელოს კონცერტის; სოლისტი გ.ხარაძე - ჩანაწერი. თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრთან რ.ვაგნერის მუსიკის ჩანაწერი, მოსკოვის საფესტივალო ორკესტრის სოლისტებთან ერთად ი.სტრავინსკის «ჯარისკაცის ისტორიის" ჩანაწერი. ზემოთ მოყვანილი ჩანაწერები გამოვიდა კომპაქტ დისკების სახით. ამას ემატება საქართველოს და რუსეთის რადიო ფონდების ჩანაწერები.
ვ.მაჭავარიანის კალამს ეკუთვნის არა ერთი კომპოზიცია. მას მერე რაც მან როგორც კომპოზიტორმა დაასრულა ალექსი მაჭავარიანის ოპერის “მედეას" პირველი მოქმედების ფინალური სცენა, (მასვე ეკუთვნის ოპერის ლიბრეტო) მან შექმნა სიმფონიური სურათი “ნაცარქექია", საფორტეპიანო კონცერტინო, ოთხ ნაწილიანი სიმფონია “მსოფლიო ჰარმონია", 10 სიმღერა-«10 სონეტი" შექსპირის სიტყვებზე, რაც უკვე გაჟღერდა კონცერტებში, ხოლო მისი Nr.1 სიმფონია და 10 სიმღერა შექსპირის სიტყვებზე უკვე გამოვიდა კომპაქტ დისკზე. ამას ემატება: “მარში" საქართველოს შეიარაღებული ძალების სასულე ორკესტრისთვის. უკვე 2020 წელს მან შექმნა კომპოზიცია სახელწოდებით: “შთაბეჭდილებები 2020”, სადაც გამოიყენა ვაჟა ფშაველას ლექსი: “სად არის ქრისტე, ან მისი სწავლება ?” რაც ეხმაურება 2020 წ. პანდემიის თემას. ასევე სიმღერა მერაბ კოსტავას ლექსზე “სულო დაიცა" და ბეთჰოვენის 250 წლის იუბილესთვის მიძღვნილი საორკესტრო კომპოზიცია “მიძღვნა ლუდვიგ ვან ბ-ს". ამჟამად ვ.მაჭავარიანი მუშაობს ოპერა «რიჩარდ III" შექმნაზე, რომლის ლიბრეტო თვითონვე დაწერა. ვ.მაჭავარიანის აქტივობა დაკავშირებულია ასევე ლიტერატურულ სარბიელთან. ეს არის მისი ვრცელი ფილოსოფიური შრომა: “ადამიანი, დაკლაკნილი გზით შავი ხვრელისკენ", ასევე ვრცელი შრომა: “ოპერის დაბადება", უკვე გამოცემული წიგნი “ჰოი გრძნეულო გადამწყვეტებო" და ასევე გამოცემული შრომა “მედეა". ესსე: “ჰამლეტი", მიძღვნილი ალექსი მაჭავარიანის ოპერა ჰამლეტისადმი, და კიდევ ვრცელი ესსე: “ვიხსნათ ადამიანი". მისივე კალამს ეკუთვნის ლექსები; ქართულად, რუსულად, ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად.
ვ.მაჭავარიანს ეკუთვნის ჯაზ დისკი, სადაც იგი ფორტეპიანოზე ასრულებს სოლო ჯაზ კომპოზიციებს, ხოლო დისკის ბოლო ნაწარმოებში უკრავს ლალო შიფრინთან ერთად. მასვე ეკუთვნის ფირმა “მელოდიაზე" გამოსული ჯაზ ფირფიტა პეტერბურგის “მარიას" თეატრის ორკესტრთან, გამოჩენილ ქართველ მისიკოსთან თამაზ ყურაშვილთან და სსრკ წამყვან ჯაზის მუსიკოსებთან ერთად.
2011 წელს ვახტანგ მაჭავარიანი დაჯილდოვდა საქართველოს ბრწყინვალების ორდენით. იგი გახლავთ გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, კირილე პაჭკორიას შვილის შვილი, ქეთევან და ალექსი მაჭავარიანის ვაჟი.
|
|
Photo By Stephane de Bourgies |
|