The Official Web Site


Biography
(English)
ბიოგრაფია
(ქართული)
(Русский)
Alexi Matchavariani (23.09.1913 - 31.12.1995) Алекси Мачавариани
About Alexi
Alexi Matchavariani, Peoples Artist of the USSR, a winner of the USSR State Prize and Shota Rustaveli Prize of the Georgian Republic, winner of the Golden Medal of <Centro Cultural Braidense> in Milano for the music of Othello, Professor, was born in the town of Gori in Eastern Georgia. He studied violin and piano...
                        Read more


ალექსი მაჭავარიანი
23.09.1913 - 31.12.1995


გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე მწერალი და პოეტი ალექსი მაჭავარიანი; სსრკ სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, მილანის ლა სკალას თეატრთან არსებული «ბრაიდენზეს" ხელოვნების გალერეის ოქროს მედლის მფლობელი ბალეტ «ოტელოს" მუსიკისთვის, აშშ-ში პაბლო პიკასოს პრემიით დაჯილდოვებული ბალეტ «ვეფხისტყაოსნისთვის" კირილეს და მეთოდეს ორდენის, ლენინის ორდენის კიდევ მრავალი ორდენის კავალერი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავჯდომარე 1962-1973 წლები, სსრკ კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის წევრი 1979-1992 წლები, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1962-1966 და 1966-1970 წლები, უპარტიო, დაიბადა ქ. გორში 1913 წლის 23 სექტემბერს. პირველ მუსიკალურ განათლებას იგი ღებულობს გორში, ასევე ოჯახში მუზიცირების ტრადიციებზე. ალექსის მამა დავითი, შეძლებული აზნაური, იყო მოყვარული მუსიკოსი და როგორც რეგენტი ხელმძღვანელობდა გორის ოქონის ეკლესიის გუნდს. დედა მარიამი, ძმები ვახტანგი ირაკლი და ალექსი მშვენივრად მღეროდნენ რეგულარულ საოჯახო კონცერტებზე. ალექსი სწავლობდა ფორტეპიანოზე და ვიოლინოზე დაკვრას. დავით მაჭავარიანის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს კულტურული ელიტის წარმომადგენლები.

1921 წლის გასაბჭოების შედეგად დავით მაჭავარიანი,მოგვიანებით კი მისი უფროსი ვაჟი ვახტანგი წავიდნენ ემიგრაციაში, ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი პარზიში, სადაც იმყოფებოდა ქართული ემიგრაციის ძირითადი ბირთვი. ამის გამო, ალექსი, მისი ძმა ირაკლი და დედა გამოაცხადეს სამშობლოს მტრებად, რაც ალექსისთვის არა მარტო სკოლიდან არა ერთხელ გაგდებით, არამედ დედასთან ერთად დაპატიმრებითაც გათავდა. დაპატიმრებები და კგბ-ს კედლებში წვალება მას არ ასცდა არც გასული საუკუნის 30-ნ და 40-ან წლებში.

მას მერე რაც ოჯახი გორიდან გადადის თბილისში, ა.მაჭავარიანი ხდება თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი, ჯერ საინსტრუქტორო, შემდეგ კი საკომპოზიციო ფაკულტეტზე. მას მფარველობას უწევს ზაქარია ფალიაშვილი, კონსერვატორიის რექტორი. შემდგომ კი პეტერბურგელი პროფესორის პეტრე რიაზანოვის ინიციატივით იგი გაივლის ასპირანტურის კურსს პეტერბურგის კონსერვატორიაში პ.რიაზანოვის კლასში, რაც მრავალს შესძენს ახალგაზრდა კომპოზიტორს. აქ იგი ეზიარება როგორც რ.ვაგნერის ოპერას „ტრისტან და იზოლდე", ასევე XX საუკუნის მუსიკალურ მიღწევებს, რომელთაგანაც ყველაზედ დიდ შთაბეჭდილებას მასზე ახდენს ალბან ბერგის ოპერა „ვოცეკი", და რაზედაც იგი არა ერთხელ წერს თავის დღიურში და ჩანაწერებში. აქვე პეტერბურგში იგი გაიცნობს მოწინავე იდეების არა ერთ წარმომადგენელს.

1936 წ. ა.მაჭავარიანი ქმნის სიმფონიურ სურათს „ელეგია“, იმავე წელს იწერება „სკერცო" სიმფონიური ორკესტრისთვის, 1939 წ. სიმფონიური პოემა „მუმლი მუხასა".

1946 წ. ა.მაჭავარიანი დაოჯახდა, მან შეირთო ცოლად ქეთევან პაჭკორია - მაჭავარიანი, არქიტექტორი, გამოჩენილი ქართველი ლოტბარის კირილე პაჭკორიას ქალიშვილი და კ.პაჭკორიას მიერ დაფუძნებული სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე. 1951 წ. მათ შეეძინათ ვაჟიშვილი ვახტანგი.

1950 წ. ალექსი მაჭავარიამი ქმნის საზეიმო უვერტურას, რომლის პირველი შესრულება შედგა თბილისში ო.დიმიტრიადის დირიჟორობით, რასაც მოჰყვა შესრულებები მოსკოვში და პეტერბურგში ლეგენდარული მაესტროს ალექსანდრე გაუკის დირიჟორობით, მანვე ჩაწერა უვერტიურა სსრკ რადიოს ფონდში. ინგლისელი კრიტიკოსი რამვოლდ ლიი წერს: „.....უმდიდრესი არსენალი, რომელსაც ფლობს ალექსი მაჭავარიანი გამოჩნდა მის უვერტიურაში. ეს არის უზადო ოსტატობა, ინტელექტუალური სრულყოფა და სიმტკიცე, რომელიც გიბყრობს პირველივე ბგერიდან, მელოდიის და ჰარმონიის სიმდიდრე, რიტმული სიმძაფრე, რომლებიც სიახლის შეგრძნებას იწვევს ნებისმიერ მსმენელში. ყოველი ინსტრუმენტისადმი მაჭავარიანისეული სიყვარულის ახსნა, რომელთაც კომპოზიტორი ბრწყინვალედ და ინტიმურად ანიჭებს სასიცოცხლოდ საჭირო მნიშვნელობას. ამ მოკლე კომპოზიციაში ავტორი იმკის უდიდეს მოსავალს, ეს არის დონე, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს მსოფლიოს ნებისმიერ აუდიტორიაზე".

1961 წელს, დ.შოსტაკოვიჩის და ტ.ხრენიკოვის რეკომენდაციებით ა.მაჭავარიანი ხდება თბილისის კონსერვატორიის პროფესორი საკომპოზიციო მიმართულებით.

ა.მაჭავარიანის პირველი დიდი წარმატევა დაკავშირებულია 1937 წელს შექმნილ საფორტეპიანო პიესასთან „ხორუმი", რომელიც დღემდე მრავალი პიანისტის რეპერტუარშია. 1942 წელს იგი ქმნის ოპერას „დედა და შვილი" ილია ჭავჭავაძის პირველწყაროზე და რომელიც დაიდგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

უდიდესი წარმატება მოუტანა ავტორს 1944 წელს შექმნილმა საფორტეპიანო კონცერტმა, რომლის მოსკოვურ პრემიერას პრესაში გამოეხმაურა დიმიტრი შოსტაკოვიჩი და რომელიც შეასრულეს სსრკ წამყვანმა მუსიკოსებმა, ასევე ფრანგმა მონიკა ჰაასმა და გერმანელმა ანნე-როზე შმიდტმა, რომლის ბრწყინვალე ჩანაწერი არსებობს გერმანიის რადიოს ფონდში და გამოიცა კომპაქტ დისკზე. ხოლო უკვე XXI საუკუნეში კონცერტი შეასრულა და ჩაწერა კომპაქტ დისკზე ფრანგმა პიანისტმა Alexander Besant-მა.

1947 წელს შექმნილ მის პირველ სიმფონიას მოსკოვში და პეტერბურგში ისეთი აღიარება ხვდა წილად, რომ ჯერ იგი წარადგინეს სტალინის პრემიაზე, ხოლო მალევე გამოაცხადეს „ფორმალისტურ" ქმნილებად და აკრძალეს. აღნიშნულ სიაში ალექსი მაჭავარიანი მოხვდა: პროკოფიევთან და შოსტაკოვიჩთან ერთად, რაც მეტად საპატიო იყო. სიმფონიას ასრულებდნენ ისეთი კორიფე დირიჟორები როგორებიცაა ა.გაუკი, ე.მრავინსკი, კ.ივანოვი, ნ.რახლინი, ო.დიმიტრიადი და სხვანი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სიმფონია მოხვდა რეაბილიტაციაში.

1948 წ. ა.მაჭავარიანი ქმნის სიმფონიურ პოემას გუნდთან ერთად „გმირის სიკვდილზე", შ.რუსთაველის სიტყვებზე. პრემიერა შედგა 1949 წ. ო.დიმიტრიადის დირიჟორობით.

უკვე საერთაშორისო აღიარება ალექსი მაჭავარიანს მოუტანა სავიოლინო კონცერტმა: 1949 წ. რომელიც შეასრულეს იმ თაობის მსოფლიოს ისეთმა კორიფეებმა როგორც: დავით ოისტრახი, ისააკ სტერნი, მიხაილ ვაიმანი, ბრუნო ბელჩიკი, მანფრედ შერცერი, მიშელ ოკლერი, ევროპელმა, აშშ, იაპონელმა და რუსმა შემსრულებლებმა. მოგვიანებით გამოჩენილმა ქართველმა მევიოლინეებმა: მარინე იაშვილმა და ლიანა ისაკაძემ - (ამ კონცერტის საუკეთესო შემსრულებელმა). მ.იაშვილმა და ლ.ისაკაძემ კონცერტი არა ერთხელ შეასრულეს სსრკ-ში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე ჩაწერეს ფირმა „მელოდიაზე". ყველა დროის ერთ ერთმა უდიდესმა მევიოლინემ იეჰუდი მენუჰინმა კი უწოდა კონცერტს „მშვენიერი". ნიუ იორკელმა კრიტიკოსმა დავიდ ჯ. ბარკერმა ალექსი მაჭავარიანის კონცერტი თავისი დონით შეადარა ბრამსის და ჩაიკოვსკის კონცერტებს. .მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი სხვა და სხვა დროს ოთხჯერ გამოსცა სსრკ ფირმა მელოდიამ, ასევე გამოიცა გერმანიაში, ჩეხეთში, აშშ-ში, ხოლო უკვე XXI საუკუნეში საფრანგეთში. კონცერტის საუკეთესო ჩასაწერად აღიარებულია 1977 წ. ფირმა „მელოდიის" მიერ განხორციელებული ჩანაწერი; სოლისტი ლიანა ისაკაძე, სსრკ რადიოს და ტელევიზიის დიდი სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.

1949 წელს ა.მაჭავარიანი ისევ ხვდება ქვეყნის მტრების სიაში, ამჯერად სულ რამოდენიმე წლით.

1955.წ. იგი ქმნის ორატორიას “ჩემი სამშობლოს დღე", (ანუ ჩემი სამშობლოს ერთი დღე, გათენებიდან დაღამებამდე), რომელიც 100-ზე მეტჯერ გადაიცა სსრკ რადიოში და ჩაიწერა სსრკ რადიოს ფონდში, შემდეგ კი გამოვიდა ფირმა „მელოდიაში" სსრკ რადიოს და ტელევიზიის ორკესტრის, გუნდის, სოლისტების და ლეგენდარული დირიჟორის ა. გაუკის მიერ.

1957 წ. ა.მაჭავარიანი ქმნის მუსიკას ბალეტისთვის “ოტელო", რომელმაც განამტკიცა მისი საერთაშორისო აღიარება და რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ლეგენდარულმა ქორეოგრაფმა ვახტანგ ჭაბუკიანმა, ოტელოს როლის განუმეორებელმა შემსრულებელმა. მხატვარი სოლომონ ვირსალაძე დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი. თბილისური პრემიერის ტრიუმფს მოჰყვა ტრიუმფი ჯერ მოსკოვის დიდ თეატრში, რასაც პრესაში აღტაცებით გამოეხმაურა დ.შოსტაკოვიჩი და არა ერთი დიდი კორიფე, ხოლო გაზეთი სოვეტსკაია კულტურა აღნიშნავს: “”ოტელო არის ხელოვნების ზეიმი". ამას მოჰყვა ასევე სენსაციური წარმატების პრემიერა პეტერბურგის “მარიას" სახ. თეატრში, სსრკ, ევროპის და აზიის არა ერთ თეატრში, ხოლო ოტელოს აშშ-ში ჩვენების შედეგად ნიუ იორკ ტაიმსში დაიწერა: “ოტელოს მუსიკა არის გამაოგნებელი დრამატიზმით განმსჭვალული მაჯისცემა, ეს არის დაელექტრიზებული შექსპირი". პარიზში „ოტელოს" წარმოდგენების შემდეგ ფრანგულმა ჟურნალმა «ფრანს მუზიკ" აღნიშნა: «ალექსი მაჭავარიანის ბალეტი ოტელო, ეს არის ქართული და ამავე დროს უნივერსალური შედევრი, აღსავსე დრამატული ინტენსიურობით".

1973 წ. ბალეტ ოტელოს მუსიკისთვის ალექსი მაჭავარიანი დაჯილდოვდა მილანის ლა სკალას თეატრთან არსებული ბრაიდენზეს ხელოვნების გალერეის მიერ ოქროს მედლით. მილანელები აღნიშნავენ: «…..ეს არის შექსპირის ინტერპრეტაციის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნიმუში, მუსიკის და ცეკვის ჯადოსნური საშუალებით".

1960 წ. ა.მაჭავარიანი იწყებს მუშაობას ოპერა «ჰამლეტზე" შექსპირის მიხედვით და მისივე ლიბრეტოზე. 1967 წ. სრულდება ჰამლეტის კლავირი, ხოლო 1977 წ. პარტიტურა. ოპერა ჰამლეტი დღემდე არ არის დადგმული.

გასული საუკუნის სამოციან წლებში, ა.მაჭავარიამის ინიციატივით და მისი ქმედების შედეგად თბილისში აშენდა სახელმწიფო ფილარმონიის დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები.

2014 წ.ფილარმონიის დიდ დარბაზს მიენიჭა ალექსი მაჭავარიანის სახელი. მისივე ინიციატივით აშენდა ჯერ სოხუმში (სინოპში), შემდეგ კი ბორჯომში (პლატოზე) კომპოზიტორთა შემოქმედების და დასვენების სახლები. იგივე პერიოდში ალექსი მაჭავარიანის ინიციატივით დაფუძნდა ფესტივალი «კავკასიის გაზაფხული".

1964 წ. ა.მაჭავარიანმა შექმნა ნაწარმოები ვაჟა ფშაველას სიტყვებზე, სახელწოდებით «ხუთი მონოლოგი", რომელი ქმნილებისთვისაც იგი დაჯილდოვდა რუსთაველის პრემიით. პრემიერაზე ვოკალირი პარტია შეასრულა რევაზ კაკაბაძემ, ხოლო დირიჟორი იყო იური ტემირკანოვი.

1967 წ. მან შექმნა „ქართული საზეიმო უვერტიურა" რომელსაც არა ნაკლები წარმატება ხვდა წილად, ვიდრე მის პირველ უვერტიურას. „ქართული საზეიმო" შესრულდა იმავე წელს, ჯ.კახიძის დირიჟორობით. უკვე 2010 წ. გაზეთში „მესენჯერი", სათაურით: „ვახტანგ მაჭავარიანი რუსთაველის სახ. თეატრში“. ინგლისელი კრიტიკოსი რამვოლდ ლიი წერს: „კონცერტის დასკვნით ნაწილში შესრულდა ალექსი მაჭავარიანის „ქართული საზეიმო უვერტიურა"..... ეს არის აბსტრაქტული ფორმის, გასული ყოველგვარი ათვლის წერტილის ფარგლებიდან ქმნილება. სავარაუდოდ ეს საზეიმო უვერტიურა არის „განკითხვის დღის გამოცხადება".

1972 წ. იგი ქმნის სიმფონიას Nr.2, რომელიც პრესაში მოინათლა როგორც «ფილოსოფიური სიმფონიზმის საწყისი ქართულ მუსიკაში". იხილეთ ა.მაჭავარიანის ვებგვერდის პრესის განყოფილება. სიმფონიის პრემიერა შედგა თბილისში იმავე წელს ჯ.კახიძის დირიჟორობით და ჩაიწერა ფირმა „მელოდიაზე".

1977 წ. ა.მაჭავარიანი ქმნის მისთვის უმნიშვნელოვანეს ქმნილებას, მუსიკას ბალეტისთვის «ვეფხისტყაოსანი" შ.რუსთაველის მიხედვით, რომელი ბალეტი მას დაუკვეთა მოსკოვის «დიდმა" თეატრმა, იური გრიგოროვიჩის ლიბრეტოს მიხედვით. ბალეტის პრემიერა შედგა 1985 წ. პეტერბურგის მარიას სახ. თეატრში ამავე თეატრის ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ ოლეგ ვინოგრადოვის დადგმით. სცენოგრაფია ეკუთვნის თეიმურაზ მურვანიძეს, სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი გახლდათ ვახტანგ მაჭავარიანი. ბალეტმა «ვეფხისტყაოსანი" მიიღო უდიდესი აღიარება ჯერ პეტერბურგში, შემდეგ აშშ-ში და კანადაში, აზიასა და ევროპაში. ბალეტის წარმატებაზე მეტყველებს აშშ, საფრანგეთის და სხვათა პრესა, რომელიც მოცემულია Alexi Matchavariani ოფიციალური ვებგვერდის პრესის განყოფილებაში. ნიუ იორკ ტაიმსი კი ადრის მუსიკას რ.ვაგნერის “ტრისტან და იზოლდეს". 1988 წ. ბალეტი დიდი წარმატებით წარსდგა მოსკოვის აუდიტორიის წინაშე, ხოლო 1989 წ. იგი ნაჩვენები იყო თბილისში.

იმავე სამოცდაათიან წლებში ალექსი მაჭავარიანი ქმნის კამერული და საგუნდო მუსიკის მრავალ ნაწარმოებს, მათ შორის სიმებიან კვარტეტს Nr.1 (1977 წ.) სიმებიან კვარტეტს Nr.2 (1978 წ.) და სიმებიან კვარტეტს Nr.3 (1978 წ.) იგივე პერიოდს ეკუთვნის ციკლები ფორტეპიანოსთვის „ქართული ფრესკები" (1977 წ.), (რედაქტორი და პირველი შემსრულებელი ა.თორაძე) „პარიზული ჩანახატები" (1979 წ.), (პირველი შემსრულებელი თ.მათურელი), საფორტეპიანო ქმნილებები „ქართული ცეკვა პოემა“ (1978 წ.), „ფიროსმანის შესანდობარი" (1979 წ.), „გორული პოემა" ქალთა გუნდისთვის (1978 წ.), (რომელიც შეასრულა გორის ქალთა გუნდმა). ვოკალური ციკლები, საგუნდო მუსიკა, პიესები ვიოლინოსთვის და ფორტეპიანოსთვის. სიმებიანი კვარტეტები Nr.1, 2, 3, 4, ჩაიწერა ფირმა «მელოდიაზე" საქართველოს რადიოს და ტელევიზიის სიმებიანი კვარტეტის მიერ.

გასული საუკუნის ოთხმოციანი წლები აღინიშნება ა.მაჭავარიანის მიერ ოთხი სიმფონიის შექმნით, რომელთაგანაც სამი პროგრამული სიმფონიაა. 1983 წ. იგი ქმნის მონუმენტალურ სიმფონიას Nr.3, რომელსაც კრიტიკა ეხმაურება სიტყვებით: „მესამე სიმფონია გამორჩეულია მასშტაბების სიდიადით და იდეათა სიღრმით". იმავე 1983 წ. იგი ქმნის პროგრამულ, მეოთხე სიმფონიას სახელწოდებით „ახალგაზრდული". სამ ნაწილიანი სიმფონია შექმნილია სიმებიანი ორკესტრისთვის, არფის, ჩელესტის, ფორტეპიანოს და 7 დასარტყამებზე შემსრულებლებისთვის. პრესა აღნიშნავს:“მეოთხე სიმფონია გამოირჩევა დრამატურგიული ფორმების დახვეწილობით, ინსტრუმენტალურ- ქორეოგრაფიული ხასიათების სიკაშკაშით. მესამე და მეოთხე სიმფონიები წარუდგინა მსმენელს მოსკოვში, პეტერბურგში და თბილისში დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა. მისივე დირიჟორობით განხორციელდა ა.მაჭავარიანის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სიმფონიების პრემიერები.

Nr.5 სიმფონია „უშბა" (1986 წ.) აგრძელებს მესამე სიმფონიის სულისკვეთებას. აქ ავტორი აღწევს კოსმიური სიღრმეების განზომილებას, რასაც ეხმაურება კრიტიკოსი გერმანიიდან:(იხილეთ ა.მაჭავარიანის ვებგვერდის პრესის განყოფილება) „...ეს სიმფონია თავისი სიმბოლოზმით დასაწყისიდანვე გვაუწყებს სიცოცხლისა და ნათელის ზეიმს პირველსახოვან წყვდიადზე.... წყვდიადიდან შუქისკენ.....“ მეხუთე სიმფონიის პრემიერა შედგა 1989 წ. პეტერბურგის “მარიას" სახ. თეატრის ორკესტრის და ვახტანგ მაჭავარიანის შესრულებით.

1987 წელს შეიქმნა სიმფონია Nr.6 “პრომეთე-ამირანი", რომლის პირველი შესრულება შედგა 1990 წ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის და ვახტანგ მაჭავარიანის მიერ. სტატიაში: «ალექსი მაჭავარიანი ქართველი ბეთჰოვენი» იაპონელი კრიტიკოსი კ.კაშიმა წერს: “...ნაწარმოებით კომპოზიტორმა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობისკენ ქართველი ხალხის სწრაფვა გამოხატა. მეექვსე სიმფონიას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში". 1989 წელს ალექსი მაჭავარიანი ქმნის მის დასკვნით, მეშვიდე სიმფონიას სახელწოდებით “გელათი", შერეული გუნდისთვის, სოლო მეცო სოპრანოსთვის და ორკესტრისთვის. ტექსტი ეკუთვნის: არსენ ბერს (პირველი ნაწილი), მიხეილ მოდრეკილს (მეორე ნაწილი), დავით აღმაშენებელს «გალობანი სინანულისა" (მესამე ნაწილი) და ალექსი მაჭავარიანს «საქართველოს სადიდებლად" (მეოთხე ნაწილი). პრემიერა შედგა 2009 წელს, თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის გუნდის და ორკესტრის შესრულებით, სოლისტი ირინა ალექსიძე, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი. 1987 წ. ა.მაჭავარიანი ქმნის კონცერს ვიოლონჩელოსთვის და სიმებიანი ორკესტრისთვის, არფის და ჩელესტის თანხლებით. პრემიერა შედგა 1990 წ. სოლისტი: თ.გაბარაშვილი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვ.მაჭავარიანი. კონცერტის ჩაწერა კომპაქტ დისკზე შედგა თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის ორკესტრის მონაწილეობით, სოლისტი გ.ხარაძე, დირიჟორი ვ.მაჭავარიანი.

ვუბრუნდებით რა მის სცენიურ ქმნილებებს ვასახელებთ: 1979 წ. შექმნილ მუსიკალურ კომედიას «ბაღლონჯო" ვ.მაიაკოვსკის მიხედვით, რომელიც 1980 წ. დაიდგა თბილისის ვ.აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრში, რეჟისორი გ.მელივა, დირიჟორი ა.მამაცაშვილი.

1983 წ. ვენის «მუზიკფერაინში" დიდი წარმატებით შედგა ა.მაჭავარიანის საავტორო კონცერტი, რასაც აღტაცებით გამოეხმაურა ავსტრიული პრესა. ა.მაჭავარიამის მუსიკა შესრულდა ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა: პარიზის „შანზელიზეს" თეატრი, პარიზის „კონგრესების სასახლე", პარიზის ოპერა „გარნიე", ლონდონის „სამეფო ალბერტ ჰოლი", ამსტერდამის „კონცერგებაუ" დარბაზი, ვენის „მუზიკფერაინი", პეტერბურგის ფილარმონია, მოსკოვის კონსერვატორია და კიდევ არა ერთი ლეგენდარული დარბაზი.

1989 წ. ა.მაჭავარიანი ქმნის ორ მოქმედებიან ბალეტს «ჭირვეულის მორჯულება" შექსპირის მიხედვით, რაც მისი უკვე მესამე შემოქმედებითი კავშირია უ.შექსპირის შემოქმედებასთან. ბალეტი დაუკვეთა ა.მაჭავარიანს მოსკოვის სტანისლავსკის და ნემიროვიჩ დანჩენკოს სახ. თეატრმა და თეატრის ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა დიმიტრი ბრიანცევმა, ასევე ლიბრეტოს ავტორმა. სამწუხაროდ ბრიანცევის მოულოდნელმა და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ხელი შეუშალა ბალეტის დადგმის განხორციელებას. ბალეტის მუსიკის პრემიერა შედგა თბილისში 2012 წელს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და ვახტანგ მაჭავარიანის შესრულებით. ინგლისელი კრიტიკოსი წერს: «…ეს არის ის, რასაც თვით შექსპირი შექმნიდა, რადგან მაჭავარიანს ნამდვილად ჰქონდა პირდაპირი კავშირი სიმართლესთან, რომელთანაც თვით შექსპირს ჰქონდა კავშირი და მაჭავარიანმა ზუსტად იცოდა, თუ როგორ გაეკეთებინა ეს". იხილეთ: Alexi Matchavariani oficial website.Presse.

1991 წ. ა.მაჭავარიანი ქმნის ორ მოქმედებიან ოპერას «მედეა" ვახტანგ მაჭავარიანის ლიბრეტოზე (გ.შვაბის მიხედვით) და მისივე თანა ავტორობით. საკონცერტო ვერსიით პრემიერა შედგა საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის გუნდის და ორკესტრის, მაესტრო ვ.მაჭავარიანის შესრულებით. სოლისტები: ქ.ხომერიკი, ა.ხიდაშელი, ნ.ლაგვილავა, გ.დათუსანი, ხოლო გლაუკეს ქორეოგრაფიული როლი შეასრულა მოცეკვავემ ნ.სამადაშვილმა ნ.მაღალაშვილის ქორეოგრაფიით. პრემიერა შედგა 2010 წელს. ინგლისელი კრიტიკოსი წერს: «ერთადერთი, რის წინასწარმეტყველებაც არის შესაძლებელი ალექსი მაჭავარიანის მუსიკაზე, არის ის, რომ ეს იქნება უმაღლესი ხარისხის"…..

ა.მაჭავარიანის სცენიური ქმნილებების რიცხვს ასრულებს 1992 წ. შექმნილი ბალეტი-პოემა «ფიროსმანი", რომლის პრემიერა შედგა საკონცერტო ვერსიით 2011 წ. თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის ორკესტრის და დირიჟირ ვახტანგ მაჭავარიანის შესრულებით. ფიროსმანი ავტორს დაუკვეთა პეტერბურგის «მარის" სახ. თეატრმა და ამ თეატრის ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა ოლეგ ვინოგრადოვმა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რუსეთთან აფხაზეთში კონფლიქტის ფონზე, ა.მაჭავარიანმა არ გააგზავნა ბალეტის პარტიტურა პეტერბურგში.

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში შექმნილი მრავალი ნაწარმოებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია; 1980 წ. შექმნილი 6 სიმღერიანი ციკლი ნ.ბარათაშვილის ტექსტზე, 1980 წ. შექმნილი 6 სიმღერიანი ციკლი გ.ტაბიძის და ა.მაჭავარიანის სიტყვებზე, 1984 წ. შექმნილი „დედა ენა" ი.გოგებაშვილის დედა ენის მიხედვით, ბავშვთა გუნდისთვის და სიმებიანი ორკესტრისთვის, რომლის პრემიერა შედგა ფირმა მელოდიის ჩანაწეზე ა.მაჭავარიანის დირიჟორობით, 1984 წ. შექმნილი სიმებიანი კვარტეტი Nr.4. 1985 წ. შექმნილი საფორტეპიანო სონეტები Nr.1 და Nr.2, 1987 წ. შექმნილი 6 პიესა ვიოლინოსა და ფ-ნოსთვის, 1987 წ. შექმნილი სოლო ვიოლინოსთვის პიესები „ლაზური" და „მესხური" რომლის პირველი ინტერპრეტატორი არის ლ.ისაკაძე, ისევე როგორც 1988 წ. შექმნილი სოლო პიესა ვიოლინოსთვის „გლუკის სტილში", ასევე სოლო ვიოლინოს პიესა: «აღმოსავლური სიმღერა". 1989 წ. შექმნილი სავიოლინო სონატა Nr.1 სამ ნაწილად, პირველი შემსრულებელი: მიხაილ განტვარგი-ვიოლინო (პეტერბურგი) და ვ.მაჭავარიანი ფ-ნო, პირველი შესრულება: პეტერბურგის ფილარმონიის მცირე დარბაზი. 1989 წ.შექმნილი 6 ბალადა ბანისთვის და 1990 წ. ახალი გამოცემით გამოსული „ქართული საგალობლები". ამას ემატება აღნიშნულ პერიოდში შექმნილი მრავალი კამერული, საგუნდო და სოლო ნაწარმოები.

ოთხმოცდაათიანი წლების შემოქმედებას მიეკუთვნება: თემა ვარიაციებით ვიოლინოსა და ფ-ნოსთვის-1990 წ. რვა კომპოზიცია ვიოლინოსა და ფ-ნოსთვის-1992 წ. „თურქულ ყავა ხანაში" ვიოლინოსა და ფ-ნოსთვის-1992, „ლაზური ფრესკა" და „აღმოსავლური ფრესკა" სოლო ვიოლინოსთვის-1992 წ. საფორტეპიანო სონატა Nr.3-1993 (არ შესრულებულა). სიმებიანი კვარტეტი Nr.5- 1993 წ. რომლის პრემიერა შედგა 2012 წ. თბილისში თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის სიმებიანი კვარტეტის მიერ და სიმებიანი კვარტეტი Nr.6- 1994 წ. პრემიერა შედგა 2018 წ. ბათუმში კ.ვარდელის საც. სიმებიანი კვარტეტის მიერ.

1995 წ. ა.მაჭავარიანი ქმნის „ლაზურ ფრესკას" ხმისთვის და ფ-ნოსთვის და „ძილისპირულს" ბავშთა გუნდისთვის კამერული ორკესტრის თანხლებით, რაც მისი შემოქმედების ბოლო ქმნილებაა.

ალექსი მაჭავარიანის კალამს ეკუთვნის მუსიკა არა ერთი ფილმისთვის. ესენია ფილმები: «ქაჯანა", «აკაკის აკვანი» «ქალიშვილი გაღმიდან» «შაქრო», «ოქროს ბილიკი», «ხიდი», «სად არის შენი ბედნიერება მზია», «მაიაკოვსკი იწყებოდა ასე», «გენერალი და ზიზილები», «ანა ანტონოვსკაია», «ორი ოკეანეს საიდიმლოება»-მუსიკა დაჯილდოვდა სპეც. პრიზით ვენეციის კინო ფესტივალზე საუკეთესო მუსიკისთვის. ფილმი-ბალეტი „ოტელო". ალექსი მაჭავარიანზე გადაღებულია ორი ფილმი: „ალექსი მაჭავარიანი"-1973 წ. და „ერთი ოკეანეს საიდუმლოება" რეჟისორი ნანა კიკნაძე-შადური 2013 წ. რომელიც ნაჩვენები იყო გერმანიაში 2018 წ.

მუსიკა თეატრისთვის: რუსთაველის თეატრი: «ნიკოლოზ ბარათაშვილი», «მისი ვარსკვლავი», «გლახის ნაამბობი», «მეფე ლირი», «1919 წელი», «ამხანაგებო იყავით ფხიზლად», «ჩაძირული ქვები». მარჯანიშვილის თეატრი: «მათი ამბავი», «ლეგენდა სიყვარულზე». ქუთაისის თეატრი: «სინათლე», «გიორგი სააკაძე», «რიჩარდ III». გორის თეატრი: «გადასასვლელზე». რუსთავის თეატრი: «მეფე ლირი». მოზარდ მაყურებელთა თეატრი: «თოვლის დედოფალი», «გიქორი», «ბაში-აჩუკი», «სურამის ციხე». ბაქოს ექსპერიმენტალური ქართული თეატრი: «სურამის ციხე», «მუნჯები ალაპარაკდნენ», «შემოდგომის აზნაურები». ფილარმონია:“ვოდევილები".

2008 წ. გამოვიდა წიგნი: ალექსი მაჭავარიანი „შემოქმედი და დრო", რომელშიც მანანა კორძაიამ შეკრიბა ა.მაჭავარიანის მრავალრიცხოვანი ჩანაწერები და შეკრა ერთ დიდ ტომად. უკვე 2013 წ. აღნიშნული წიგნის საფუძველზე გამოვიდა მანანა კორძაიას ინგლისურ ენოვანი წიგნი: Alexi Matchavariani «Creator and Time". ხოლო 2017 წ. გერმანულმა გამომცემლობამ «Wolke"მ გამოსცა იგივე შინაარსის წიგნი: «Alexi Matchavariani, Der Komponist und seine Zeit", ავტორი მ.კორძაია. აღნიშნული წიგნი აღმოჩნდა ევროპაში და საერთოდ დასავლეთში პირველი წიგნი ქართველ შემოქმედზე. 2021 წ. გამოვიდა აღნიშნული წიგნი საქართველოში. მანამდე კი ა.მაჭავარიანზე 1978 წ. გამოვიდა წიგნი: ალექსი.მაჭავარიანის საგუნდო და კამერული თხზულებები, ავტორი ე.ლონდარიძე. გამომცემლობა «ხელოვნება" თბილისი. 1985 წ. წიგნი ალექსი მაჭავარიანი, ავტორი მ.ვერშინინი, გამომცემლობა «სოვეტსკი კომპოზიტორ" მოსკოვი. 1991 წ. წიგნი ხელოვანი და ცხოვრება, ავტორი გ.პაატაშვილი, გამომცემლობა «ქართული თეატრი" და ზემოთ აღნიშნული წიგნები. აღნიშნულ თემას ემატება წიგნები, სადაც ა.მაჭავარიანის შემოქმედება ფართოდ არის განხილული. ესენია: 1958 წ. ბერლინში გერმანული გამომცემლობა «ჰენზელფერლაგ"-ის მიერ გამოცემული წიგნი: «მუსიკა რუსეთში და სსრკ კავშირში, ავტორი: კლაუს ლაუსკი. 1961 წ. ბერლინში, ასევე გამომცემლობა «ჰენზელფერლაგის" მიერ გამოცემული წიგნი «ბალეტი გუშინ და დღეს", ავტორი: ებერჰარდ რეიტინგი. 1979 წ. გამოცემული წიგნი «О музыке и музыкантах наших дней" გამომცემლობა «სოვეტსკი კომპოზიტორ", ავტორი: ვ.კუხარსკი. 1980 წ. ესპანეთში გამოცემული წიგნი «კომპოზიტორი და ცხოვრება", ითარგმნა სსრკ-ში, გამომცემლობა «სოვეტსკი კომპოზიტორ", ავტორი: ესპანელი კომპოზიტორი კარლოს პალასიო. 2014 წ. გერმანიაში გამოცემული წიგნი «სიმფონიურის დინებში", გამომცემლობა «Wolke", ავტორი: ბ.იოფე, სადაც განიხილება ა.მაჭავარიანის შვიდივე სიმფონია.

2020 წლის დეკემბერში, ლონდონში, ყოველწლიურ წიგნში „შექსპირი" გამოვიდა ვრცელი და ღრმა წერილი- ანალიზი: ა.მაჭავარიანის ოპერა «ჰამლეტის" შესახებ, ავტორი: პარიზის სორბონის უნივერსიტეტის დოქტორი, ლონდონის სამეფო მუსიკალური აკადემიის დოქტორი ქ-ნი მიშელ ასსაი. სტატიას ეწოდება: «Hamlet's Soviet Operatic Afterlife: Between Individuality and Political Allegory'. Shakespeare International Yearbook, 2020, 102-20. იგივე 2020 წლის დეკემბერში მანჩესტერის და ჰუდელსდორფის უნივერსიტეტებში მოეწყო კონფერენცია იგივე თემაზე.

ალექსი მაჭავარიანს ურთიერთობა ჰქონდა არა ერთ დიდ ქართველ მოღვაწესთან, ესენია: ივანე ჯავახიშვილი, გალაქტიონ ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, თამარ ციციშვილნი, ნიკოლოზ პიპინაშვილი, ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, მას აკავშირებდა მეგობრობა გოგლა ლეონიძესთან, პავლე ინგოროყვასთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანთან, ქეთევან მაღალაშვილთან, სოლომონ ვირსალაძესთან, ვახტანგ ჭაბუკიანთან, ირაკლი აბაშიძესთან, გრიგოლ აბაშიძესთან, იოსებ ნონეშვილთან, კონსტანტინე ერისთავთან, პავლე ინგოროყვასთან, კოლეგებთან: იონა ტუსკიასთან, შალვა მშველიძესთან, ანდრია ბალანჩივაძესთან, დავით თორაძესთან, სულხან ცინცაძესთან, რევაზ გაბიჩვაძესთან, ოდისეი დიმიტრიადისთან, ვახტანგ ფალიაშვილთან, დიდიმ მირცხულავასთან, ლეო შიუკაშვილთან, ლუარსაბ იაშვილთან, ლადო დონაძესთან, პავლე ხუჭუასთან, ანტონ წულუკიძესთან, მზია იაშვილთან. მოგვიანებით, უკვე მისივე აღზრდილ ან მის მიერ მფარველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა მეგობრებთან: გია ყანჩელთან, სულხან ნასიძესთან, ბიძინა კვერნაძესთან, გურამ მელივასთან, ჯანსუღ კახიძესთან, გივი ორჯონიკიძესთან, ნოდარ მამისაშვილთან, ნოდარ გაბუნიასთან, შემსრულებლებთან: მარინე იაშვილთან და მაჭავარიანის ოჯახის უახლოვეს პიროვნებასთან, ლიანა ისაკაძესთან, ისევე როგორც ა.მაჭავარიანის ნათლულთან ალექსანდრე თორაძესთან.

ალექსი მაჭავარიანი მეგობრობდა დიმიტრი შოსტაკოვიჩთან, არამ ხაჩატურიანთან, ყარა ყარაევთან, დიმიტრი კაბალევსკისთან, ბორის არაპოვთან, ევგენი გოლუბევთან, ბორის ჩაიკოვსკისთან, ტიხონ ხრენიკოვთან, როდიონ შჩედრინთან და კიდევ არა ერთ რუს უკრაინელ, სომეხ და ბალტიისპირელ კოლეგებთან. მისი მჭიდრო ურთიერთობების სფეროში შედიოდნენ უდიდესი შემსრულებლები, რომლებიც ისევე როგორც დ.შოსტაკოვიჩი, ა.ხაჩატურიანი და ზემოთ ხსენებულნი სტუმრობდნენ მაჭავარიანის სახლს და აგარაკს. ესენია: ლევ ობორინი, იაკოვ ფლიერი, სვიატოსლავ რიხტერი, დავით ოისტრახი, ისააკ სტერნი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, მაია პლისეცკაია, იური გრიგოროვიჩი, მიხაილ ლავროვსკი, ნატალია ბესმერტნოვა, ალექსანდრე ჩერეპნინინი, ოლეგ ვინოგრადოვი, იური ტემირკანოვი, ვალერი გერგიევი, თეიმურაზ მურვანიძე, ლუიჯი ნონო, ჟორჟ ორიკი, კარლოს პალასიო, მიშელ ჰოფმანი, გიუნტერ ბიალასი, ელენა ობრაზცოვა და კიდევ არა ერთი.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ალექსი მაჭავარიანი ურთიერთობდა: დარიუს მიიოსთან, ჟორჟ ორიკთან, ანდრე ჟოლივესთან, ანრი დუტიესთან, მიშელ ჰოფმანთან, გიი ერისმანთან, როლფ ლიბერმანთან, ვიტოლდ ლუტოსლავსკისთან, ნიკოლაი სლონიმსკისთან, სერჟ ლიფართან, ჟორჟ სკიბინთან, ჟორჟ ფავრ ლებრესთან, ალექსანდრე ჩერეპნინთან, გიუნტერ ბიალასთან, ფრანც კონვიჩნისთან, კურტ ზანდერლინგთან და კიდევ არა ერთ კოლეგასთან.

ა.მაჭავარიანის სტუდენტების რიცხვში აღსანიშნავია კომპოზიტორები: ფელიქს ღლონტი, ირაკლი გეჯაძე, შალვა დავითაშვილი, იაშა ბობოხიძე, გერმან ჯაფარიძე, მანანა ცერცვაძე, თენგიზ შავლოხაშვილი და კიდევ მრავალი.

ა.მაჭავარიანის ქმნილებები აქტიურად სრულდება XX1 საუკუნეში. უკვე სამჯერ შედგა მისი ბალეტის „ოტელოს" დადგმები ევროპის ქვეყნებში. ხშირად სრულდება მისი სავიოლინო კონცერტი, სიმფონიები და კამერული მუსიკა. 2021 წლის თებერვალში ევროპის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს დარბაზში, ციურიხის „ტონჰალეს" დარბაზში გამოცხადებული იყო მისი Nr.2 და Nr.4 სიმებიანი კვარტეტების შესრულება ცნობილი „ტონჰალეს" სიმებიანი კვარტეტის მიერ, რაც დროებით გადაიდო პანდემიის გამო. 2021 წ. ბეჭდვაში გამოდის ალექსი მაჭავარიანის 7 სოლო სავიოლინო პიესა, ესენია: 1) გლუკის სტილში, 2) აღმოსავლური სიმღერა, 3) ლაზური, 4) მესხური, 5) დოლური, 6) აღმოსავლური ფრესკა, 7) ლაზური ფრესკა.

2023 წელს დაგეგმილია ა.მაჭავარიანის ოპერა „ჰამლეტის" დადგმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რეჟისორ ანდრეი კონჩალოვსკის და დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის მიერ.

ა.მაჭავარიანის საავტორო უფლებებს იცავს უძველესი გერმანული საავტორო უფლებების დაცვის სააგენტო „GEMA", ხოლო მის შემოქმედებას სრულ ფორმატში განკარგავს ასევე ცნობილი გერმანული გამომცემლობა „ჰანს სიკორსკი" ჰამბურგში. www.sikorski.de

ალექსი მაჭავარიანის ბიოგრაფია, პრესა, ქმნილებები, ფოტო გალერეა, ვიდეო და აუდიო მასალა მოცემულია მის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.matchavariani.ge/alexi/
© 2005 , All Rights Reserved